logo
ENG



ზარქუა მიხაილო პოდილიაკს "ჩვეულებრივ ვიგინდარას" უწოდებს

04 მაი 202213:58
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა მიხაილო პოდოლიაკს "ვიგინდარას" უწოდებს და ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები "საქართველოს შიდა საქმეებში ერევიან". ზარქუა ამით გამოეხმაურა საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას.

"გრძელდება საინფორმაციო ომი. დღეს გამოვარდა, თუ არ ვცდები პოდოლიაკი... უცნაურ მოვლენასთან გვაქვს საქმე - მიხედე. ომი გაქვს, უამრავი ადამიანი გეღუპება, უამრავი გამოწვევა აქვს უკრაინას და იცლიან და ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში და ამბობენ, რომ ხალხმა უნდა იმას ქნას... ის არ უნდა იყოს... ვინ ეკითხება პოდოლიაკს ? რას წარმოადგენს? ერთი ჩვეულებრივი ვიგინდარაა, რომელიც შემთხვევით მოხვდა ხელისუფლებაში ისიც და კიდევ ბევრი სხვა. ამაზე უკრაინელი ხალხი თვითონ იტყვის ხმამაღლა თავის დროზე და გააკეთებენ განცხადებას"- ამბობს ზარქუა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საქართველოს მთავრობის პოზიციაზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველო უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს და არ იკავებს ისეთივე მკაფიო პოზიციებს, როგორიც აქვს დასავლეთს და აშშ-ს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, აქვს თუ არა უკრაინას მტკიცებულებები დაზვერვის განაცხადთან დაკავშირებით, რომ რუსეთი აწარმოებს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, სანქციების გვერდის ავლის მიზნით, პოდოლიაკმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ინფორმაცია ექნებათ კომპანიებთან დაკავშირებით, მათ სახელებს აუცილებლად გამოაქვეყნებენ.


close დახურვა